ძვირფასო მკითხველებო, პარასკევს, 9 მარტს, 18:15 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის American Film Showcase ფარგლებში გიწვევთ ფილმის ჩვენებაზე.
წარმოდგენილი იქნება ერინ ბეგველის ფილმი "იოცნებე, გოგონა!" (2014, აშშ).

ფილმის თემატიკისა და ფრაზების მიხედვით, ინგლისური ენის გაკვეთილს ჩვენი მასწავლებელი, ჯედ გურლი გაუძღვება.
ერინ ბეგველი ამერიკის მსხვილი კორპორაციის დიზაინერად მუშაობდა. ერთხელაც აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ბევრი ხელოვნური და პირადი პრობლემის გადალახვა უხდებოდა, რაც მის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებდა. ერინმა შთაგონების ძებნა გარეთ დაიწყო და ქალებისთვის ახალი ამბების გვერდი, "ფემინისტური ოთხშაბათობა" გახსნა. ყოველ ოთხშაბათს, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი ქალბატონები პირად გამოცდილებასა და პროფესიულ რჩევებს ერთმანეთსა და დამწყებ პროფესიონალებს უზიარებდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ, ახალ ბიზნესს დღეში 1200 ქალი არეგისტრირებს და მათი უმრავლესობა წარმატებულია. "ოთხშაბათობების" პოპულარობის ზრდასთან ერთად, ერინმა მონაწილე ქალების შესახებ ფილმის გადაღება გადაწყვიტა და სოციალური ქსელიდან დახმარებაც მიიღო. 2016 წელს, "იოცნებე, გოგონა!" თეთრ სახლში, აშშ-ს ქალთა სამიტისადმი მიძღვნილ შეკრებაზე და ნიუ-იორკის ცნობილ "პარიზულ თეატრში" აჩვენეს. ფილმს დიდი გამოხმაურება მოყვა "ფორბსის", "ვოგის", "ვაშინგტონ პოსტის" რედაქციებიდან, ხოლო ოფრა უინფრიმ რეჟისორი ას საყვარელ შემოქმედთა შორის დაასახელა.
როგორც ფილმის რეჟისორი აცხადებს, დადებითი გამოხმაურება მამრობითი სქესის ბიზნესმენებისგანაც მიიღო, რამდენადაც მსგავსი ისტორიები მათთვისაც ნაცნობია. "ჰაფინგტონ პოსტმა" ერინ ბეგველის "იოცნებე, გოგონა!" პროფესიონალი ქალებისთვის საჩვენებელი ფილმების ათეულში შეიყვანა.
დასწრება თავისუფალია, გიწვევთ ყველა მსურველს!
დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში